სიზმრად ვნახეთ კაბირია
იტალიის შუაღამის ნეორილიზმსა და მის განთიად სიურეალიზმს შორის არის გამოღვიძების პირველი წამი, რომელიც კარავაჯოს სინათლის მსგავსად აირეკლება მაყურებლის სახეებზე - ის პირველი წამი კოშმარხილულ ძილბურანს ღვიძლის სიხარულით ავსებს, გულისგულში მაზაკვალ სურვილს აჩენს - ფეხზე წამოხტე და ტიბრის მტკნარი წყალი უხვად იპკურო. იმ ერთ წამს აწმყოს იმედი კაკალ გულში იელვებს, რადგან თვალის კაკალმა კაბირიას ღიმილი იხილა.
1956 წელია - ფედერიკო ფელინი, ჯულიეტა მაზინა და პიერ პაოლო პაზოლინი რომის გარეუბნებში დახეტიალებენ. ფელინი აკვირდება ქალებს, მათ მიხრა-მოხრას, ფეხის სიგრძეს, თეძოს სიგანეს, თითქმის გამჭირვალე, გახუნებულ ზოლიან კაბებს, ქუსლმოღრეცილ ქოშებს, საშვილთაშვილო „ძვირფას“ ქურქებს. მაზინა ალბათ ღელავს ქმრის შემყურე, თუმცა არ ბრაზობს. პაზოლინის ყურები ლოკატორებად ექცა – ისმენს ჩურჩულს, ყვირილს, ღრენას, ყეფას, კვნესას, ჭორს და მართლას; ისმენს და უბის წიგნაკში იწერს დიდი ასოებით, სათაურის ქვეშ - გარეუბნის დიალექტები.
ფელინის „მარკუს ავრელიუსისთვის“ სკეჩები რომ არ ეწერა, ალბათ ვერც ვერასდროს შეარქმევდა მეძავს, რომის გარეუბნიდან - კაბირიას. კაბირია ეს ხომ მითოლოგიური ღვთაებაა, მიწისქვეშა სამყაროს მფლობელი და მისი ბედ-იღბალის განმკარგველი, საიდუმლო რიტუალების მცოდნე და ამით უკვდავი. სულ რომ არ ვეძიოთ ბერძნულ-რომაული არქივები და კინოს ისტორიას შევავლოთ თვალი - კაბირია 1914 წლის, ამავე სახელწოდების მქონე, დიდი მუნჯის პერსონაჟია: პუნიკური ომების დროს გატაცებული, მრავალჭირნახული, საბოლოოდ კი მაინც თავისუფალი ქალი ანტიკურობიდან. პათეტიკაა თუ კინოშემოქმედის გენიალური „მიგნება“ - არის რაღაც მომნუსხველი იდეაში, რომ სამყარო უბრალოა, უბადრუკი და უცვლელი: კაბირია საბერძნეთშიც კაბირიაა, რომის გარეუბანშიც და ძირძველ კოლხეთშიც.
![]()
კინომ მისი არსებობის დღიდან აკმინდა პირი საქსოვიანი ქალებისა და გაზეთიანი კაცების „გამოხატვაზე“, თუ არ შემომედავებით და არ დამისახელებთ მივიწყებულ თეთრი ჭიქების იტალიურ კინოზღაპრებს. ფელინიმ სოკრატეს იდეას - შემოქმედის შესახებ, რომელიც ერთდროულად ქმნის ტრაგედიასა და კომედიას - ხორცი შეასხა და თვალხილული გახადა ადამიანები, რომლებიც სუნთქავენ, გრძნობენ, იტანჯებიან, უყვართ… მაყურებელი განიმსჭვალა მათი სიწმინდით და ეკრანების წინ, როგორც ეკლესიაში, ქუდები მოიხადეს.
ფილმ „კაბირიას“ უცნაური, ლამაზი არსებები თითქოს ერთდროულად მირბიან, ეცემიან და მიფრინავენ. მცხოვრები, მცხოვრებნი საკუთარი ცხოვრებითა, არსებობენ გაუდაბნოებულ მიდამოებში, მეჩხერ მიწაზე სოკოებივით ამოსულ ქვის ნავსაყუდლებში. რას, რას და ეს ადგილი ნამდვილად არ გვაგონებს სულიერ განსაწმენდელს - მეტიც, სრულებითაც არ ვიფიქრებთ, რომ აქ შესაძლოა მიწაზე ჩამოსული ანგელოზებიც დაიარებოდნენ.
ო, მაგრამ, ო, მაგრამ - ადამიანის სულს სახელური ხომ არ აქვს, რომ შეაღო და შიგ შეიხედო - ამისთვის დაკვირვებაა საჭირო, ცოტათი ფიქრი და მცირეოდენიც ფანტაზია. მინდა დაგამწუხროთ, დიალოგები დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა ამოსაცნობად არ კმარა; ჩვენ მათ წამოცდენებს, წამოძახილებს, სიმთვრალეში წამოლუღლუღებულ ბგერებს უნდა ჩავეჭიდოთ.
„როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, ისე უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს“, - წერდა სენეკა. ფელინის ფილმიც თითქმის ტრაგედიამდე მისული უბედურებით იწყება: კაბირიას სატრფო, თვალისჩინი, თუ გულისწადილი რამდენიმე გროშისთვის მდინარეში გადაუძახებს. წყალწაღებული მაზინას პერსონაჟი ან ღვთის მოვლენილ სასწაულს უნდა ელოდოს, ან რამდენიმე ცურვაში გაწაფულ, მოცლილ ჭაბუკს. რომელი სიუჟეტი უფრო სახარბიელოა ნეორეალიზმგადავლილ საზოგადოებისთვის წარსადგენად - ეს თქვენ განსასჯელად მომინდია.
უბედურებამ გამოსცადა ჩვენი კაბირიაც, შემდგომ კი სიკვდილნაზიარებს “სასწაული” მოუვლინა განგებამ. გვიან ღამე, ბნელეთში, სანადიროდ გამოსულ წარბაწეულ ქალებს განეშორა მოხეტიალე სული მარია და წახეტიალდა რომის ცენტრალურ უბანში. იქ მას კინოვარსკვლავი ალბერტო ლაზარი “ელოდა”. თუ ფანტაზიაა, ფანტაზია იყოს - “კარგი გადაღებაა” სიუჟეტით ბოლივუდსაც სჯობნის - ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა ალბერტო წაიჩხუბებს კუდაბზიკა, კუდგრძელ, თუმცა გრძელფეხება საცოლესთან და ღამის გატარებას „ჯუჯა“ კაბირიასთან გადაწყვეტს.
ცხოვრება დაუჯერებელი ამავია. აქ ოცნებები რეალობად იქცევა, თუმცა რეალობის უფერულება თვით ოცნებასაც აშორებს ძვირადღირებულ ფერუმარილს.
კაბირია გულს გადაუშლის იმ დროს გულგატეხილ კინოვარსკვლავს - ხელოვანი ხომ ის კაცია, ელეგანტური, სანდომიანი, დამატკბობელი, დამათრობელი, პირმზიანი, პირმშვენიერი და მშვენიერი - ის კაცია, რომელიც მისანივით უნდა ჩაწვდეს დრამის სიმძაფრეს, მოწყალე იყოს და ცხოველმყოფელი თანაგრძნობით უთანაგრძნოს უმწეო არსებას. იქნებ ასეც არის ან არც არის; ფაქტი ერთია: მაღალი ფეხების დეპრესიული ახირებები ბევრად “ღირებული მწუხარებაა”, ვიდრე თვალად ნასი ქალის სასოწარკვეთა. კარგი, სულ რომც არაფერი, ავტოგრაფი მაინც შერჩა კაბირიას ცნობადი სახის - რაც საკმარისია - რწმენა-წარმოდგენამ სიცოცხლე ამაყად განაგრძოს ჩაგრულის სულში.
„აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვნება“ - ადამიანი, რომელიც დაჯილდოებულია ანგელოზებრივი არსით, “ანგელოზთა კარნავალზე” მიეშურება, რათა ვალი მოიხადოს ღვთის წინაშე რელიგიურ დღესასწაულზე დასწრებით. კათოლიკური რომი ღვთის მოსავია, თუმცაღა ნუ დაუჯერებთ ყურებს და თვალებს – დამერწმუნეთ, იტყუება განწირულად გამკივანი იტალიელის ხმა, როდესაც წარმოთქვამს: „წმინდაო მარია, გულისფიცარზე მაწერია სახელი შენი“. ნურც მე გამიწყრებით, ნურც მათ მართლაცდა: ქვეყანაა, ამოდენა ქალაქია, ბოლოს და ბოლოს ხალხითაა დასახლებული, წმინდანებით ხომ არა.
განწირულ ადამიანებს უჩნდებათ სასწაულის იმედი; კაბირიაც რამდენიმე საათით შეეკედლება ღვთის სახლს, რომ ინატროს და სურვილი თქვას - რომ შეიცვალოს და განიწმინდოს. მლოცველი და ჯვარზე გამსვლელი ნირწამხდარი დატოვებს სამლოცველოს; გარეთ გამოსულს “იგივეობა” ეფეთება თვალწინ, არაფერი შეცვლილა: ცაც იგივეა, ბალახიც, ღვინოც - ღვინოც და მისი მადლიც, გეთაყვა.
როდესაც ქალაქში ჩირაღდნები ინთება, სასოწარკვეთილი პეპლები ჭუპრიდან ამოდიან. ილუზიონისტთა სახლის შესასვლელები ამ დროს ყველაზე მკაფიოდ ანათებენ სინათლეთა შორის. კაბირია დარდის განსაქარვებლად ილუზიათა სამყაროსკენ მიიწევს. არამიწიერი ძალებით შეპყრობილს, ჰიპნოზირებულს ატმის ყვავილების სიშმაგე იმორჩილებს; მარია კვლავ გრძელთმიანი ქალწული ხდება. ყველა ბიწიერებაში იმალება უბიწოება, რომელიც მიჯნურობის სასწაულს მოლოდინით სულდგმულობს. ბაიათების მომღერალ მიჯნუნს კაბირიას წარმოსახვაში ოსკარი ჰქვია; მის სახელს ქალი მაყურებელს და კიდევ რამდენიმე სარდიონ (ნახევრად ძვირფასი ქვა) მავანს უთვალღებოდ გვიმხელს.
„ვინმე უცხოს, თავისი გზით მიმავალ კაცს რომ შემთხვევით თვალს მოკრავ, ამით მის ბედს რაღაც კვალს ამჩნევ და მის ცხოვრებაში რაღაც ცვლილება შეგაქვს. მით უფრო, თუ გაიცანი, ხელი თუ ჩამოართვი, სტუმრად თუ მიიწვიე, თუ ესაუბრე. ერთი სიტყვით, ადამიანი შენს ხელთაა, ისევე როგორც შენ – ადამიანის ხელთ ხარ.“ ვითომდა ოცნებიდან რეალობაში გადმოსული კაცი ოსკარი შუაგულ ფილმში შემოგვეფეთება – ჩვენ და კაბირიას… ამ დროს ქალის ბავშვური, უეშმაკო წადილით იმდენად ვართ აფორიაქებულნი, რომ „ძალიან გვინდა ვინმემ ინდომოს, გვგონია, ვიჯერებთ, რომ ინდომა კიდეც, მაგრამ ვაი, რომ ეს მხოლოდ ჩვენივე სურვილია, რომელიც სიცარიელეს შეასკდა და უკან დაგვიბრუნდა“.
ეს იყო კაბირიას ძალიან დიდი სიყვარული - იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებელია კარგად დამთავრებულიყო. კაბირიამ გაყიდა საცხოვრისი, რომელიც ნუ იტყვით რომ იყო სახლი, რადგან შინ არავინ ელოდა; გაყიდა ჭურჭელი, გაიხადა ჭრელი, თითქმის გამჭირვალე კაბა, საკიდზე დაკიდა საშვილთაშვილო ბეწვის ქურქი, მოიცვა ახალი მოსასხამი, ხელი დაიმშვენა ხელთათმანებით და გასწია იმ “სანუკვარი” ცხოვრებისკენ, რომელსაც ყოველ მთვარიან ღამეს ხელში პაპიროსით ჩაფიქრებული შენატროდა; მზითად გაიყოლა დაგროვილი ფული და სახსოვრად შერჩენილი დედის ერთადერთი ფოტო, გულში იმედი და სულში დარდიანი და უდარდელი ბავშვი - მარია.
„ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს“, - ტყუილად ხომ არ უთქვამს რომან როლანს. ერთი გამოხედვა - კლდის პირას,ზღვის უცხო ნაპირთან - საკმარისი აღმოჩნდა საყვარელ კაცში ნაცნობი უზნეობის ამოსაცნობლად, La dolce vita-ს დასასრულებლად.
რა თქმა უნდა, ისევ გაძარცვეს მარია კაბირია ჩეჩარელი.
რაღა დარჩა უცნობ მხარეში, La strada-ზე მიმავალ ქალს…
სულ სამი სიტყვა: რწმენა, იმედი და ნუგეში - ნუგეში, რომელიც უმისამართოდ მავალ, სიცოცხლის მოზეიმე კარნავალს თან დაჰყვება.
კაბირიამ გაგვიღიმა და განაგრძო გზა - არ იცის ეს გზა საითკენ მიდის და მაინც უნდა ამ გზებს გაუყვეს.