სიახლეებიკინო
კინო 26.05.2026 ნუცა ლეფსაია 👁 150

ჰამნეტი ჰოლივუდში – ანუ შექსპირთან ყველა კვდება

ჰამნეტი ჰოლივუდში – ანუ შექსპირთან ყველა კვდება

გამიჯნურდა თრაკიელი მომღერალი ორფევსი და ცოლად შეირთო საყვარელი ევრიდიკე. ახლად დაქორწინებული წყვილის ბედნიერებამ დიდხანს ვერ გასტანა, ქალი მინდვრის ველზე გველმა დაგესლა და საიქიოს გაისტუმრა. ქვრივი კაცი საზინდარად გადაიქცა და დაუსრულებლად ამღერებდა მინორულ ნოტებს თრაკიის გაუვალ ტყეებში. "ვინა ზიდავდა ჯაფით, კვნესით ამ სიცოცხლის ტვირთს, რომ არა გვქონდეს იმის შიში, თუ სიკვდილ-შემდეგ იქ რა იქნება, იქ, იმ ბნელსა და უცნობ მხარეს, სადით არც ერთი მგზავრი უკან აღარ ბრუნდება." (შექსპირი - ჰამლეტი) 

ჰადესიდან ამიერში ადამიანის მობრუნება მრავალ პერსონაჟს უცდია, თუმცა არცერთს წარმატებისთვის არ მიუღწევია - შეცდა თავად ღმერთი დიონისეც, შეცდა ღმერთის შვილი ორფევსიც. ჰადესში "სიცოცხლის მსესხებლად" ჩასულ ქვრივს პირობა წაუყენა მიცვალებულთა სამეფოს მბრძანებელმა - ევრიდიკეს იხსნი სიკვდილისაგან თუკი სიცოცხლის კარიბჭემდე ისე მიიყვან, რომ ერთხელაც არ შეხედო. გამოაყოლეს ორფევსს ევრიდიკე, გზას სიცოცხლემდე უხმაუროდ მიუყვებოდა ორფევსი და თავს ახსენებდა დანაპირებს, მიიწევდა წინ, თუმცაღა მისი საცოლის ფეხის ხმა კი არ ესმოდა - აღელვებულს თავისი გულისცემა უხშობდა სმენას. ამქვეყნის სამანამდე ქვრივი შემობრუნდა, რათა ევრიდიკე ეხილა. ევრიდიკე სამუდამო წყვდიადმა მოიცვა... 

ანტიკური მითის თხრობით იწყება ამბავი შექსპირის სიყვარულისა. ჩინელი რეჟისორი, ქლოი ჯაო , ტრაგიკოსი მწერლის პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ, თემას შემთხვევითობის პრინციპით როდი არჩევს. შემოქმედის მიზანია განმანათლებლობის ეპოქის დასაწყისის აღწეროს ისე, რომ არ უღალატოს – კინოს ერთ-ერთი მთავარი ჟანრის – მელოდრამის პრინციპებს. მისია შესრულებულია; მელოდრამის ჟანრი წარმატებით უბრუნდება კინოეკრანებს და 2025 წელს ჰამნეტი “იმარჯვებს” ფილმებზე: „დიდი, გაბედული, მშვენიერი მოგზაურობა“ (A Big Bold Beautiful Journey), „მოკვდი, ჩემო სიყვარულო“ (Die My Love), „მარადისობა“ (Eternity) და სხვა. 

კინოსურათი 5 წლით ადრე მეგი ო'ფარელის მიერ დაწერილ რომანს ეფუძნება. ფილმში გამოგონილი ისტორიები ბუნებრივად ერწყმის რეალურ ცნობებს უილიამ შექსპირის ცხოვრებიდან. 

ჰამნეტში ირლანდიელი მსახიობი პოლ მესკალი - ვის წინაპრებზეც, დიდი ალბათობით, ელიზაბეთ I-ის ხანაში მევახშე შექსპირი კარტოფილის მოსაყვან მიწებს აქირავებდა - ბრიტანელი მწერლის როლს ასრულებს. პირველივე კადრში მსახიობის ანფასი ჯონ ტეილორის მიერ შექმნილი პორტრეტის ალუზიას ქმნის. "მე მინახვანან აქტორები, რომელნიც სხვებს უქიათ და ძალიანაც უქიათ, მაგრამ ღმერთო შეგცოდე, არც ლაპარაკის კილო, არც მიხვრა-მოხვრა მათი ადამიანისად არა ჰგვანებია." (შექსპირი - "ჰამლეტი") შექსპირი, რომელმაც ხელთათმანების მკერავი მამის ვალები გაისტუმრა, სტრატფორდში მდიდრული სახსახლე აიშენა, ლონდონის ბურჟუა დააინტერესა და გლობუსის თეატრი შექმნა - გვესახება როგორც გაბედული, მრისხანე და ენერგიული კაცი. მტკიცე ხასიათი პოლ მესკალის ზღვარგადასულ სიმშვიდეში იკარგება. მსახიობი მხოლოდ დროდადრო წამოწითლდება, მეტისმეტად ამაღელვებელ მომენტებში. 

ფილმის მთავარი რომანტიული ხაზი უილიამისა და ჯესი ბიუკლის პერსონაჟის შეხვედრით იწყება. მაყურებელი მოუთმენლად ელის მოისმინოს ნაცნობი სახელი ენი - ენ ჰეთუეი ხომ შექსპირის ერთადერთი მეუღლე გახლდათ. 8 წლით უფროსი ცოლის ნაცვლად, რომელიც მწერალს მის სიცოცხლეში გულით არასდროს ჰყვარებია, ეკრანზე ვხედავთ ქალს სახელად აგნეს. აგნესის სახე

სიყვარულის სიხარულით აღავსებს უილიამს. მუდმივად წითელ კაბაში შემოსილი პერსონაჟი დაჯილდოებულია ბუნების ენის ცოდნით. ის საათობით დაეხეტება ტყეში, აგროვებს მცენარეებს და აფრენს მის მეგობარ შევარდენს. ადამიანის ხელის გულს თუ შეეხო, მის მომავალსაც განჭვრეტს. ქალს ხშირად სძინავს ხის ფესვებთან მოკუნტულს, გამოღვიძებული კი იმეორებს დედისგან ნასწავლ მანტრას; ხალხში - "დამსახურებულად"- ალქაჯის სახელსაც იხვეჭს. 

კინოს ისტორია ამტკიცებს, რომ ერთ ვინმე მავნს - გამორჩეულსა და სწავლულს - მეორე ყოველად უჩვეულო და “შორს” მდგომი უყვარდება; მსგავსი კავშირები უთუოდ შეუღლებით სრულდება. ორსული აგნესი პირველ შვილს ტყეში გააჩენს, სრულიად მარტო. ადრე სიყვარულის ძალით აღფრთოვანებულ შექსპირს, ახლა შვილის შეძენით განცდილი ვნებათაღელვაც აღარ აკმაყოფილებს. უილიამს ერთადერთი სურვილი აქვს - წერას დაუბრუნდეს და დაკარგოს საკუთარი თავი სწორი ფრაზის ძიებაში. 

აგნესის შეუპოვარი ხასიათი განსაზღვრავს მის დომინანტურობას. მისი გადაწყვეტილებები წარმართავს ფილმის სიუჟეტურ ხაზს, ისევე როგორც გერტრუდა "ჰამლეტში". 

"არარაობავ დედაკაცი უნდა გერქვას შენ" - შექსპირის ციტატა “ჰამლეტიდან” ენ ჰეთუეის მეტად შეეფერება, ვიდრე აგნესს "ჰამნეტიდან". აგნესი თავისნათქვამა, მაგრამ არა ეგოისტი ადამიანია. ქმრის მიმართ გაუნელებელი სიყვარული ორსულად მყოფ ქალს მოაფიქრებინებს ნება დართოს უილიამს ლონდონში გამგზავრებასა და მუშაობაზე. 

მხოლოდ მოთმენა და პატიება არაფერია, რაღაც უნდა გასცე, რაღაც უნდა გაიღო. ქალის თავგანწირვის შედეგად დაიბადა შექსპირი როგორც შემოქმედი, მაგრამ მოკვდა როგორც ქმარი. აგნესმა გააჩინა ტყუპები, ჯუდითი და ჰამნეტი, რა დროსაც შექსპირი თან არ ახლდა, შემდეგ კი სამი შვილი აღზარდა მამის მეთვალყურეობის გარეშე. “ჯადოქარმა დედამ” ხილვად ნახა სიკვდილის სარეცელთან ორად-ორი შვილი და ამის შემდეგ ყოველ დღე იბრძოდა შვილების სიცოცხლისათვის. 

შექსპირის შვილები, ჯუდითი და ჰამნეტი, იმ დროს ინგლისში გამძვინვარებული შავი ჭირით დაავადნენ. გოგონა გადარჩა, ხოლო ოჯახის ერთადერთი ვაჟი, ჰამნეტი, დაიღუპა. ქლოი ჯაო, ბიჭის დაღუპვას ემოციური სცენით აღბეჭდავს - მომაკვდავ დის საწოლ ოთახში შეპარული ჰამნეტი ჯუდითს ეტყვის: "ამაღამ შენთან დავიძინებ, როდესაც სიკვდილი მოვა, ის ვერ გაგვარჩევს, ერთმანეთში შევეშლებით და მე წამიყვანს." ჰამნეტმა სიკვდილი მოატყუა, და იხსნა, თავად კი 11 წლის ასაკში აგონიაში გარდაიცვალა. 

თუკი შვილის სიკვდილამდე აგნესი ქმრის მიმართ ლოიალური იყო, დანაკარგმა მისი უილიამისადმი დამოკიდებულება გარდაქმნა. ქალის სიყვარული წამსვე იქცა დაუძლეველ ზიზღად, რადგან კაცმა არ ინახულა მომაკვდავი შვილი, რომლის ბოლო სიტყვებიც იყო: "მამა, გპირდები არ შემეშინდება, მამაცი ვიქნები." 

გამოგონილს მიღმა, რეალურ სამყაროში პიესა "ჰამლეტი" 1599-1601 წლებში იწერებოდა. ბრიტანელი დრამატურგისთვის ჩვეული იყო უკვე არსებული ტექსტებისა თუ ისტორიული ფაქტების ინტერპრეტირება - "ჰამლეტიც" არ ყოფილა გამონაკლისი. შექსპირამდე ჰამნეტის პერსონაჟი გვხვდება: ტომას კიდთან, საქსონ გრამატიკუსის ისტორიული თხრობაში - "გესტა და ნორმუ", ასევე სკანდინავიურ ეპოსში ამლოზის სახელით. რაც შეეხება დრამატურგის ვაჟს, ის მართლაც გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა 1596 წელს. მოარული ხმების თანახმად მწერალს კალამი დასჭირდა სიცოცხლის თავიდან დასაწყებად, ცხოვრებისეული ტრაგედიის ჟანრულ ტრაგედიაში გასათამაშებლად. შექსპირი შვილის გარდაცვალებაში საკუთარ თავს იდანაშაულებს და მისივე ხელით წერს: 

მონასტერში წადი, მონასტერში. რად გინდა ქვეყანაზედ 

ცოდვიანები გაამრავლო? აი თუნდ მეც, არა მგონია უპატიოსნო 

კაცი ვიყო, მაგრამ იმდენი ნაკლოვანება მაქვს, რომ ემჯობინებოდა 

დედიჩემის მუცლიდან არა ვშობილიოყავ. მე მეტისმეტად 

ამპარტავანი ვარ, ჯავრისგადამხდელი, პატივისმოყვარე: 

გულში იმდენი ავი განზრახვა მიტრიალებს, რომ გონებაში 

აღარ მეტევა, თვალით ვერ წარმომიდგენია და დროც არა 

მყოფნის მათ შესასრულებლად. რისთვის დაძვრებიან ჩემისთანა 

სულდგმულები ცისა და დედამიწის შუა? ჩვენ ყველანი 

ნამდვილად მატყუარები ვართ. ნურც ერთს ნურას დაგვიჯერებ 

წადი მონასტერში. 

ქლოის ფილმშიც სწორედ დრამატურგის ენით ჟღერდება კუპლეტი - რეპეტიციაზე პოლ მესკალი ჰამლეტის როლის შემსრულებელს სამაგალითოდ აჩვენებს როგორ წარმოთქვას ნამდვილი ემოციით ზემო აღნიშნული "სიტყვები... სიტყვები... სიტყვები." 

ისტორიულ მე-17 საუკუნეში “პირველი ჰამლეტის” როლი - რიჩარდ ბერბიჯმა შეასრულა, მამის აჩრდილი კი თავად შექსპირმა წარმოაჩინა. 

ფილმის დასასრულს, აგნესი პირველად იხილავს ქმრის შემოქმედებას, იხილავს თეატრის სცენაზე შვილს, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა, ხელახლა შეიყვარებს კაცს, რომელმაც მკვდარ ვაჟს ადგილი გაუცვალა და ჰადესში ჩავიდა. შექსპირმა მოახერხა ის რაც ანტიკურ ღმერთებსაც არ გამოსვლიათ - სიკვდილს სიცოცხლე მოჰპარა. 

"სხვა რაღა დარჩა? საუკუნო სიჩუმე მხოლოდ."


← სიახლეები Facebook